ახლახანს ცნობილი გახდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კაცს, რომელმაც ყოფილ ცოლს არასრულწლოვანი შვილის თვალწინ სასიკვდილოდ სცემა

პროკურატურის ცნობით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.
"ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 109 მუხლის "კ“,"მ“,"პ“ ქვეპუნქტებით წარედგინა.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
შემზარავი დანაშაული 2024 წელს, საგარეჯოში მოხდა.
როგორც მაშინ AMBEBI.GE-თვის გახდა ცნობილი, ქალი კლინიკაში 11 ნოემბერს მოათავსეს და მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 21 ნოემბერს გარდაიცვალა.
მამაკაცი ტარიელ სუხიშვილი ცხელ კვალზე დააკავეს.
პროკურატურა წერდა, რომ ტარიელ სუხიშვილს მანამდე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. კაცმა ქალს დაზიანებები არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა.
"ტარიელ სუხიშვილი ხელოსანი ბიჭი იყო... ზედმეტი სიშავის გამო მას მეტსახელად "ტარაკანას" ეძახდნენ. როგორც ამბობენ, ის ხშირად ძალადობდა ციკოზე და შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. ტარიელი ციხიდან ახლახან გამოვიდა, მასაც კარგად ვიცნობდი. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალადობის მუხლით იხდიდა სასჯელს, მაგრამ მე როგორც ვიცი, ქურდობისთვის იჯდა ციხეში - წყალი გაკეთდა და ობიექტიდან კრანები მოუპარავს.
ამბობენ, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო, თავიდან ეგონათ, ალბათ ციკო ვიღაცასთან ნახაო, რაღაც მესიჯებზე ლაპარაკობენ, ზუსტად არც არავინ იცის, რამ გადაუბრუნა ტვინი. მერე თქვეს, ბიძაშვილს, თუ მამიდაშვილს სწერდაო, ტარიელს არც უნახავს, ეგონა კაცს მისწერაო. რა მესიჯებზეა ლაპარაკი, ან როდის ნახა, არავინ იცის, ოჯახის ამბავია და არავინაა ჩახედული.
კაცმა ქალს მიაკითხა, იჩხუბეს და ასე სასტიკად გაუსწორდა. ციკო ძალიან კარგი და წესიერი ადამიანი იყო, მასზე საგარეჯოში ცუდს ვერავინ იტყვის, პატიოსნად ცხოვრობდა, შრომობდა და ორ შვილს ზრდიდა... შემთხვევა ციკოს სახლის ეზოში მოხდა, გვიანი იყო და მამას ეძინა, რომ გაეგო, შვილს ხომ დაეხმარებოდა. ვინმესთვის მაინც დაეძახა, რომ ეჩხუბებოდა, იქნებ ეშველათ...
ამბობენ, რომ ტარიელი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, რაღაც სინთეთიკურ ნარკოსაშუალებაზე აქვთ ეჭვი, ჰალუცინაციებს რომ იწვევს, თორემ ფხიზელი იმდენს კი გააცნობიერებდა, რას სჩადიოდა - ქალი წაიქცა, უმწეო გოგოს თავიდან სისხლი სდიოდა და ეს უარესად ჩეჩქვავდა, თან შვილის თვალწინ. ეგ რომ საღ ჭკუაზე ყოფილიყო, ამას იზამდა? არც ასეთი უტვინო იყო, ეს ჩაედინა. რა უნდოდა, რას ერჩოდა საწყალ ქალს, ან შვილებს?! ასეთი ციხეში უნდა ჩალპეს", - აცხადებდა AMBEBI.GE-თან გარდაცვლილი ციკო სულიკაშვილის მეზობელი.